Thursday, October 11, 2012

საქართველო

                     

                                                     საქართველო

 

ფაილი:EU-Georgia.svg
საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.



                         ვარდების რევოლუცია
                                                        წინაპირობა
   


2003 წლისთვის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება მნიშვნელოვანად შესუსტებული იყო. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს, უკვე 2000 წლიდან დაიწყო დაშლა. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "მოქალაქეთა კავშირი" დამარცხდა. თბილისში არჩევნები მოიგეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ", ხოლო საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში - "მემარჯვენეებმა". სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი შექმნა ზურაბ ჟვანიამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია "გაერთიანებული დემოკრატები" დამარცხდა თვითმმართველობის არჩევნებში 2002 წელს, 2003 წლის დასაწყისიდან მან მოახერხა ანგარიშგასაწევი ბლოკის ჩამოყალიბება. ჟვანიასთან გაერთიანდნენ "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი" აკაკი ასათიანის მეთაურობით და იმ დროისთვის პოპულარული პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით "ბურჯანაძე - დემოკრატები".
2003 წლის დასაწყისიდან "მოქალაქეთა კავშირი" შეეცადა საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და ჩამოაყალიბა ალიანსი "ახალი საქართველოსთვის", რომელსაც შეუერთდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს სოციალისტური პარტია. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ტრადიციულად ბევრ ხმებს იღებდა ამ რეგიონში.
არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2005 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ედუარდ შევარდნაძე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი იქმნიდა მნიშვნელოვან პლაცდარმს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. 2003 წლისთვის პრეზიდენტობის სურვილი დაფიქსირებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და შალვა ნათელაშვილს.

                                         რევოლუციის ქრონოლოგია 
                        



პირველი დემონსტრაცია უკვე 4 ნოემბერს ჩატარდა. "ნაციონალების" სატელევიზიო მოწოდებას მხოლოდ "დემოკრატები" გამოეხმაურნენ. "დემოკრატების" მხარდამჭერები შეიკრიბნენ ფილარმონიასთან და მოგვიანებით შეუერთდნენ "ნაციონალების" მხარდამჭერებს, რომლებიც მერიის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. მიტინგზე კონსტანტინე კემულარიამ მოითხოვა აჭარის საარჩევნო ოლქებში შედეგების გაუქმება. მოგვიანებით ეს მოთხოვნა ოპოზიციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად იქცა.
"ახლებმა", რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს დემონსტრაციაში, განაცხადეს, რომ სატელევიზიო მიწვევას არ სცნობენ, მეორეს მხრივ, ბრალი დასდეს "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობაში. ოპოზიციამ დემონსტრაციას "გამაფრთხილებელი გასეირნება" უწოდა. მათ ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი, 5 ნოემბრის 12 საათამდე ეღიარებინა ოპოზიციის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ დღეს კანცელარიასთან მიტინგის გაგრძელების პირობა დადეს.
იმავე დღიდან ქალაქში გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარის ნაწილები, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან იყვნენ კონცენტრირებულნი. ედუარდ შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. შემდეგ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებდა ძალას საჭიროების შემთხვევაში
5 ნოემბერს "ნაციონალებმა" და "დემოკრატებმა", რომლებიც საკუთარ თავს "წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს" უწოდებდნენ, დემონსტრაცია გამართეს. ჩამოყალიბდა მთავარი მოთხოვნა: მარნეულის, ბოლნისის, ტყიბულის, ბათუმის, ქობულეთისა და საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმება. გარდა ამისა, ოპოზიციამ მოითხოვა ქობულეთში დაკავებული 21 წლის დამკვირვებლის გათავისუფლება და ყველა გამგებლის, გუბერნატორისა და პოლიციის უფროსის თანამდებობებიდან გადაყენება. მოთხოვნათა შესასრულებლად ოპოზიციამ ხელისუფლებას ვადა 7 ნოემბრამდე მისცა. "ლეიბორისტულმა პარტიამ" და "დემოკრატიული აღორძინების კავშირმა" დაგმეს საპროტესტო მიტინგები
იმავე საღამოს ცესკოს მონაცემებით ლიდერობდა ბლოკი ახალი საქართველოსთვის 298 ათასი ხმით და მეორე ადგილზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 265 ათასი ხმით. ცესკოს მონაცემები კარდინალურად შეცვალა 6 ნოემბრის საღამოს აჭარის საარჩევნო ოლქებიდან ჩამოსულმა შედეგებმა. ამ მონაცემების მიხედვით აჭარაში "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" ხმათა 95%-ით პირველ ადგილზე გავიდაა. მან 284 ათასი ხმიდან 270 ათასი ხმა მიიღო და საქართველოს მასშტაბითაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. სახელისუფლებო ბლოკი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე და მესამე ადგილებზე აღმოჩნდნენ. ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ხალხს აქციებისაკენ მოუწოდა: 7 ნოემბერს რეგიონებში, ხოლო 8 ნოემბერს - თბილისში.
ამავდროულად ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა ბლოკის გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებზე. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა მომხდარმა ინციდენტმა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომელებიც ზუგდიდში ატარებდნენ მიტინგს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. სააკაშვილმა პროვოკაციის მოწყობაში პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა. ედუარდ შევარდნაძემ კი ოპოზიციას კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა.მოლაპარაკებები (8-12 ნოემბერი)
8 ნოემბერს მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა თავისუფლების მოედანზე თბილისში, სადაც 20 ათასამდე მომიტინგემ მოიყარა თავი. აქციაზე გაჩნდა პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნები.მოგვიანებით მომიტინგეებმა სახელმწიფო კანცელარიისა და საქართველოს პარლამენტის შენობებთან გადაინაცვლეს. აქცია ღამითაც გაგრძელდა. ამ დროისთვის პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა თბილისში შესასვლელი გზები.


მიტინგი პარლამენტის შენობის წინ. 8 ნოემბერი, 2003 წ.
9 ნოემბერს დილით, მოულოდნელად ედუარდ შევარდნაძე მივიდა აქციაზე ხალხთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, თუმცა უშედეგოდ. იმავე საღამოს კრწანისის რეზიდენციაში გაიმართა მოლაპარაკებები შევარდნაძესა და საპროტესტო აქციების ლიდერებს (ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე) შორის. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ის პირველმა სააკაშვილმა დატოვა და ხალხს უფრო ფართომასშტაბიანი აქციებისკენ მოუწოდა.
9 ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოს პარლამენტის წინ აქციამ მუდმივი სახე მიიღო. აქციების გამართა დაიწყეს ზესტაფონში, თელავსა და ოზურგეთში, ოპოზიციონერებმა: გია ხევიაშვილმა, გიორგი ბარამიძემ, ლადო ჭიპაშვილმა, ვასილ მაღლაფერიძემ და ქემალ მურადხანოვმა შიმშილობა დაიწყეს.
აქციებს არ შეუერთდნენ ახალი მემარჯვენეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ რევოლუციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. პარალელურად, შევარდნაძე იმყოფებოდა სამეგრელოსა და აჭარაში, სადაც აბაშიძისაგან მხარდაჭერის პირობა მიიღო
ხელისუფლება ნაწილობრივ წავიდა დათმობებზე, როცა 11 ნოემბერს საოლქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის სარჩელის საფუძველზე გააუქმა არჩევნების შედეგები ბოლნისის საარჩევნო ოლქში.. ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ მიხეილ სააკაშვილი იმავე დღეს შეხვდა სახელმწიფო მინისტრს, ავთანდილ ჯორბენაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა.
სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და გია ყარყარაშვილმა გამოხატეს კომპრომისისადმი მზადყოფნა, რაც ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების აღიარებით უნდა გამოხატულიყო. 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო პრეზიდენტის, ოპოზიციის ლიდერებისა და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში, რომელიც ჩაიშალა, რადგანაც ოპოზიციის ლიდერები შეხვედრაზე არ მოვიდნენ.



არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს შედეგები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას.[40] მუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძემ 22 ნოემბერს დანიშნა პარლამენტის პირველი სხდომა.


22 ნოემბრის მანიფესტაცია
21 ნოემბერს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით ეროსი კიწმარიშვილმა, რუსთავი 2-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ხელოვნურად შექმნეს ავტომაგისტრალზე საცობი გრძელი ავტოკოლონის ვიზუალური ეფექტის მისაღწევად.
ოპოზიციის მომხრეები 21 ნოემბერს შევიდნენ თბილისში და თავისუფლების მოედანზე გაჩერდნენ, რადგანაც საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ ხელისუფლების მომხრეთა აქცია იმართებოდა. ოპოზიციამ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყება გამოაცხადა.რეიიბორისტულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, მაგრამ არ შეუერთდა შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნასა და საპროტესტო აქციას.
22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, სხდომათა დარბაზში მომიტინგეები შეიჭრნენ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს სხდომაზე გამოცხადებულმა დეპუტატებმა, ასევე, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ხელისუფლების მომხრე მომიტინგეები. საქართველოს პარლამენტის შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მოგვიანებით მათ დაიკავეს ასევე სახელმწიფო კანცელარიის შენობა. პოლიციას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის, დაეკავებინათ პარლამენტისა და კანცელარიის შენობები.
შევარდნაძემ, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მომიტინგეებს, დაეკავებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები.ამავდროულად, სააკაშვილმა კლავ მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში კრწანისისის რეზიდენციასთან აქციების გაგრძელებით დაიმუქრა.
23 ნოემბერს, 20 საათზე გაიმართა შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის შუამავლობით. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.რეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა.
24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა.


                                                   შედეგები
საქართველოს დროშა
ვარდების რევოლუციამ საქართველოში შეცვალა შევარდნაძისა და მისი გუნდის 11 წლიანი მმართველობა. მან არნახულად დიდი პოპულარობა მოუტანა მიხეილ სააკაშვილს და აქცია ის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტობრივად უალტერნატივო ლიდერად.
ვარდების რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეარყია ასლან აბაშიძის მმართველობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აბაშიძემ ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე შეძლო.
ვარდების რევოლუციამ გაზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე ბურჯანაძისა და ჟვანიას ბლოკის პოპულარობა. რევოლუციის შემდეგ მკვეთრად დაეცა სხვა პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა და ახალი მემარჯვენეების რეიტინგი. მათ რევოლუციის შემდეგ წევრთა 15-17%-იანი კლება განიცადეს.
ვარდების რევოლუციამ გავლენა მოახდინა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებზე. მას მოჰყვა ნარინჯისფერი რევოლუცია 2004 წელს უკრაინაში და ტიტების რევოლუცია 2005 წელს ყირგიზეთში.




                             რუსეთ საქართველოს ომის ისტორია
                                 


რუსეთ-საქართველოს ომი 1921, ასევე ცნობილი როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, საბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი - 17 მარტი, 1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაგდებისა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების მიზნით. კონფლიქტი იყო საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანი ყოფილი იმპერიული რუსეთის ტერიტორიებზე კონტროლი იყო, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა რევოლუციური გარდაქმნები მოეხდინათ საკუთარ ქვეყანაში, სადაც მათ საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ ძალებში არ ჰქონდათ უცხოური ინტერვენციის გარეშე.
პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციების სერიის შედეგად, 1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა.
თავდაპირველად ქართულ ელიტას არ სურდა რუსეთისგან გამოყოფა, მაგრამ კავკასიის ფრონტის დაშლამ, უცხო ქვეყნების შემოჭრისა და ქაოსის საფრთხემ ის იძულებული გახადა შეექმნა სახელმწიფო საქართველოს დასაცავად, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური გამოწვევებისგან – ბოლშევიკებისგან, ანტი–ბოლშევიკებისაგან და თურქებისაგან, რომელიც ცდილობდა თავისი გავლენის განვრცობას სამხრეთ კავკასიაზე. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საქართველოს მაგალითს მიბაძეს.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ზომიერი სოციალისტებით სათავეში, საკმაო წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საქმეში. მაგრამ ამ პროცესში ქვეყანა წააწყდა ბევრ გამოწვევას: სამხედრო კონფლიქტები თურქეთთან, სომხეთთან, ასევე სამხრეთ რუსეთის "წითლებთან" და "თეთრებთან", ეკონომიკური ბლოკადა დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან, 1920 წლამდე საერთაშორისო აღიარების დაგვიანება, შიდა კონფლიქტები ზოგიერთ ეთნიკურ უმცირესობასთან, ადგილობრივი ბოლშევიკების დივერსიული საქმიანობა, რომელიც ხალისდებოდნენ მოსკოვიდან და კრემლის ბრძანებებს ასრულებდნენ.
1920 წლის თებერვლის ბოლოს გაფორმდა ალიანსი თურქეთის ქემალისტურ მთავრობასა და რუსეთის საბჭოურ ხელისუფლებას შორის. ახალი ალიანსი მოითხოვდა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოფილიყო სტაბილური სახმელეთო კავშირი. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო, რომ სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო – აზერბაჯანის, სომხეთის და საქართველოს დემოკრატიული რსპუბლიკები განაწილებულიყო თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. 1920 წლის 31 მაისს რუსეთის მე-11 წითელი არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოხდა მისი სოვეტიზაცია. ოთხი თვის შემდეგ თურქეთი შეიჭრა სომხეთში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეთმო თავისი ტერიტორიის ნახევარი, დარჩენილი ტერიტორია იმავე წლის ბოლოს დაიპყრო წითელმა არმიამ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უკანასკნელი დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფო, რომელიც დასავლეთის ბასტიონად იყო მიჩნეული, მომწყვდეული იყო ქემალისტებსა და საბჭოეთს შორის და იმისთვის, რომ დასრულებულიყო თურქულ–საბჭოთა პროექტი კავკასიაში, ისიც უნდა დაცემულიყო.1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რსპუბლიკაში შემოიჭრა. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება, რომლითაც დაირღვა 1920 წლის 7 მარტის საბჭოეთ–საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება, მოგვიანებით საბჭოთა ისტორიულ ლიტერატურაში ახსნილი და წარმოდგენილი იყო, როგორც პასუხი ვითომცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარებაზე დაღესტნის პარტიზანული მოძრაობისთვის, ადგილობრივი ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისთვის და უკვე საბჭოთა სომხეთის ეკონომიკური ბლოკადისთვის.
საქართველოზე მასიური შეტევის დაწყებას წინ უძღოდა საბჭოთა "სახალხო აჯანყება" საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, ძირითადად, სომხებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში და ასევე, ძლიერი სასაზღვრო შეტაკებები ქალაქ ზაქათალასთან, რომელზედაც პრეტენზიას საბჭოთა აზერბაიჯანი აცხადებდა.
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის სამხედრო ძალებმა შეაღწიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ბორჩალოში და ადგილობრივი მაცხოვრებლების გარკვეული მხარდაჭერით თავს დაესხა სამხედრო გარნიზონებს სანაინში და ვორონცოვკაში (ტაშირი).
მოულოდნელი მიყენებული მძიმე დარტყმისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებმა დაიხიეს ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით. 68 საათის შემდეგ მათ მიიღეს შეზღუდული მხარდაჭერა (მხოლოდ ერთი ბატალიონი) და განახორციელეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნეის უშედეგო მცდელობა. წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებმა კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ დაიხიეს: აირუმი–სადახლოს ხაზზე (სანაინის რაზმი) და ეკატერინენფელდისკენ (ვორონცოვკის რაზმი).
16 თებერვალს საბჭოთა სამხედრო ძალები რუსეთის მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბოლშევიკთა ადგილობრივი მომხრეების ჩათვლით, შევიდნენ სოფელ შულავერში, სომხეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრზე და იქ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული "საქართველოს რევოლუციური კომიტეტი", რომელიც წითელი მეთაურებისა და ადგილობრივი ბოლშევიკებისგან შედგებოდა. იმავე დღეს კომიტეტმა თავი გამოაცხადა საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად და მოუწოდა საბჭოთა რუსეთს გადაუდებელი სამხედრო ინტერვენციისკენ. რამდენიმე საათის შემდგომ მე–11 არმიის 54–ე და 58–ე მსროლელი ბრიგადები შეიჭრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე წითელი ხიდის გავლით, რომელსაც მოჰყვა მე–12 ცხენოსანი დივიზია და 55–ე საჯავშნო ნაწილი. იმავდროულად 26–ე მსროლელი ბრიგადა და მე–9 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი შეიჭრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მტკვრის გავლით პოილუს სარკინიგზო ხიდთან, რომელიც მანამდე ააფეთქეს უკანდახეულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა, რათა არ მომხდარიყო საბჭოთა დაჯავშნული მატარებლებისა და ტანკების წინ წამოწევა[4]. მეორე დღეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სასაზღვრო ქალაქ ზაქათალის მხრიდან ასევე შემოიჭრა მე–11 არმიის 59–ე მსროლელთა ბრიგადა და მე–18 ცხენოსანი დივიზია. ანატოლი გეკერმა, რომელიც იმ დროს მე–11 არმიის მეთაური იყო, მიიღო პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომ დაეკავებინა საქართველოს დედაქალაქი არაუგვიანეს 19 თებრვლისა.
იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის 98–ე მსროლელი ბრიგადა თერგის ცხენოსან დივიზიასთან ერთად ამზადებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე შეტევას თერგის ოლქიდან როკისა და მამისონის უღელტეხილებით, ხოლო მე–9 არმიას უნდა შეეტია აფხაზეთიდან და წაწეულიყო შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ.
ბრიტანული Mark V ტიპის ტანკი, რომელიც წითელმნა არმიამ შეიძინა სამოქალაქო ომის და უცხოური ინტერვენციის დროს და რომელმაც განაპირობა საბჭოელთა გამარჯვება ტფილისის ბრძოლაში.
საბჭოთა რუსეთს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შედარებით მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. 1921 წლის 16 თებერვლისთვის მთლიანობაში საბჭოთა სამხედრო ძალები მე–11 და მე–9 არმიის ჩათვლით და თავის მხარდამჭერ ერთეულებიანად – 98–ე მსროლელი ბრიგადის, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბაქოს წითელი ბრიგადის ჩათვლით, ითვლიდა 40 ათასზე მეტ გამოცდილ მეომარს 4 300–იანი კავალერიით მათ შორის, ასევე მათ ჰქონდათ 196 ცალი საარტილერიო დანადგარი, 1065 ტყვიამფრქვევი, 50 თვითმფრინავი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 4 ტანკი და უამრავი ჯავშნოსანი მანქანა.
ამ ძალებისთვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეძლო მხოლოდ დაეპირისპირებინა დაახლოებით 1 და მე–2 მსროლელი დივიზიის 11 ათასი ჯარისკაცი, სამთო საარტილერიო დივიზია, სოხუმის 1 სასაზღვრო პოლკი, მე–2 სასაზღვრო პოლკი.1921 წლის 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა.
დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია. გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი.                                            

საქართველოს მთავრობის ევაკუაცია
ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვითონ დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.



რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თემაზეა შექმნილი ქართველი პოეტის კოლაუ
 ნადირაძის ლექსი "25 თებერვალი":

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!